თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად სერგო მეთოფიშვილი დაინიშნა.
გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2 ნოემბერს მიიღო.
ის აღნიშნულ თანამდებობას განუსაზღვრელი ვადით დაიკავებს.
საქალაქო სასამართლოში თავმჯდომარის პოსტზე მეთოფიშვილმა ნიკოლოზ მარსაგიშვილი შეცვალა, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გახდა. მეთოფიშვილის კანდიდატურა სწორედ მარსაგიშვილმა დაასახელა.
სერგო მეთოფიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი იყო. საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ მეთოფიშვილი ე.წ კლანის წევრი მოსამართლეა.
"მისი იუსტიციის საბჭოში საქმიანობა ძალიან ბევრ კითხვას აჩენდა. ის იყო იმ გარიგებების, პროცესების და მანკიერი პრაქტიკის მონაწილე, რასაც იუსტიციის საბჭოს მოსამართლეთა უმრავლესობა ახორციელებდა. სერგო მეთოფიშვილი ერთ-ერთი მთავარი აქტორი იყო და ერთ-ერთი ისეთი პირი, რომელიც ძალიან ცუდ საქმეს აკეთებდა ჩვენი ქვეყნის სასამართლო სისტემისთვის. ამიტომ, გარდა იმისა, რომ დანიშვნის პროცესია პრობლემური და მოვალეობის შემსრულებლის სტატუსით ის, ფაქტობრივად, სრულყოფილად იქნება სასამართლოს თავმჯდომარე, ასევე პრობლემურია ეს პერსონა, ვინაიდან, ვფიქრობ, რომ ის სულაც არ არის ყველაზე გამორჩეული მოსამართლე, რომელმაც უნდა უხელმძღვანელოს ამ სასამართლოს. თბილისის საქალაქო სასამართლო ყველაზე დიდი და დატვირთული სასამართლოა მთელს ქვეყანაში". - ამბობს ჯანეზაშვილი.
2019 წლის ზაფხულში, როცა იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს უსმენდა, სერგო მეთოფიშვილი ნაზი ჯანეზაშვილს, მისი კრიტიკული კითხვებისა და პოზიციების გამო შეურაცხყოფას აყენებდა.